საქართველო, როგორც ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმი ღია ცის ქვეშ
თბილი სამხრეთის მზის გულზე შეფენილი ქვეყანა – საქართველო გამოირჩევა აურაცხელი ბუნებრივი სიმდიდრით. გასაოცარია, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე გვხდება უამრავი ხელთუქმნელი ღირსშესანიშნაობა და ამ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ მათგანზე – საქართველოს ნიადაგებზე.
საქართველოში, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ნიადაგი არის სასიცოცხლო, სასურსათო და ეკონომიკური დანიშნულების არსებითი რესურსი. მას იყენებენ როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოსაწყობად, ასევე საქონლის საძოვრად.
ზოგადად, ნიადაგების ფორმირებაზე გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი, როგორიცაა: კლიმატური პირობები, ტექტონიკური ცვლილებები, მცენარეული საფარი, სხვადასხვა მინერალური ელემენტების, ბაქტერიების და სხვა ცოცხალი ორგანიზმების არსებობა. დედამიწის ნიადაგური საფარის ნაირფეროვნება ითვლის უამრავ სახეობას, რომელთა შორის შეგვიძლია გამოვყოთ თიხნარები, ქვიშნარები, ტორფნარი და სხვ. საქართველო კი არის ის უნიკალური ქვეყანა, სადაც განლაგებულია თითქმის ყველა სახის ბუნებრივი ნიადაგი. ზუსტად ამიტომ მას უწოდებენ „ნიადაგების ბუნებრივ მუზეუმს ღია ცის ქვეშ“.
მართლაც, თითქოს და პატარა ქვეყანაში გამოყოფენ რვა ტიპის ნიადაგს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ წარმატებით აითვისეს და თავისი ცოდნა
გადმოგვცეს. მათი გულმოდგინე შრომით საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებობდა ქვეყნის კულტურული ტრადიციები, მეღვინეობა და კულინარია.
ამგვარად, დასავლეთ საქართველოს დაბლობის ტენიანი ტორფიანი ნიადაგები გამოსადეგი აღმოჩნდა ტენის მოყვარული სიმინდისათვის, მთისწინეთის წითელ- და ყვითელმიწა ნიადაგებზე გავრცელდა ყურძნის, ჩაისა და თამბაქოს კულტურების მოყვანის ტენდენცია.
აღმოსავლეთ საქართველოს წაბლამიწები მარცვლოვანი კულტურების, ხეხილისა და ბოსტნეულის მოყვანის საშუალებას იძლევა. კახეთის ნოყიერ შავმიწებზე გვაქვს როგორც მარცვლეულების სავარგულები, ასევე მთელ მსოფლიოში ცნობილი ვენახები.
სამხრეთი საქართველოს მხარე თავისი მთა-მდელოს ნიადაგებით მეტწილად გამოიყენება მარცვლეული კულტურების და ბოსტნეულის მოსაყვანად.
ამ სტატიის დახმარებით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი პატარა ქვეყნის ბუნებრივ შესაძლებლობებზე, რის თაობაზე მომავალშიც ვისაუბრებთ.
გაუფრთხილდი ქართულ მიწას
P. S. და შენ როგორ უფრთხილდები მშობლიურ ნიადაგს?